მაჯუნი - ქობულეთში ისტორიულად დამკვიდრებული ტრადიციული დესერტი, რომელიც ჩვენი რეგიონის კულინარიული, სარიტუალო და ყოფითი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.
Главная / Новости / მაჯუნი - ქობულეთში ისტორიულად დამკვიდრებული ტრადიციული დესერტი, რომელიც ჩვენი რეგიონის კულინარიული, სარიტუალო და ყოფითი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მაჯუნი - ქობულეთში ისტორიულად დამკვიდრებული ტრადიციული დესერტი, რომელიც ჩვენი რეგიონის კულინარიული, სარიტუალო და ყოფითი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მაჯუნის ისტორია საინტერესოა იმითაც, რომ იგი ქობულეთის ისტორიულ-სამეურნეო გარემოს უკავშირდება.
ქობულეთში ბრინჯის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, განსაკუთრებით ჭარბტენიან და ჭაობიან ტერიტორიებზე. სწორედ ამიტომ ბრინჯი ადგილობრივი კვებითი კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტად ჩამოყალიბდა. ბრინჯის კერძებსა და დესერტებს ქობულეთურ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა.
მაჯუნი მზადდებოდა მრგვალმარცვლოვანი ბრინჯის, თაფლის, შავი პილპილისა და მარილისგან. მოგვიანებით მის მომზადებაში შაქრის კარამელის გამოყენებაც დამკვიდრდა. თუმცა, ძველი გადმოცემებით, თავდაპირველად მისი მთავარი და აუცილებელი ინგრედიენტი თაფლი იყო.
მაჯუნს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქორწილის რიტუალში. ზეპირი ეთნოგრაფიული გადმოცემების მიხედვით, ქორწილის წინა დღეს, რომელსაც ქობულეთში „წვეულ ღამეს“ უწოდებდნენ, ოჯახის წევრები, ახლობლები და ქორწილის ორგანიზატორები იკრიბებოდნენ და ამზადებდნენ მაჯუნს. ქორწილის დღეს კი მას მრგვალი სპილენძის ჭურჭლით ჩამოატარებდნენ. პირველად მეფე-პატარძალს გაასინჯებდნენ, შემდეგ კი თითოეულ სტუმარს ხის კოვზით ხელის გულზე თითო ულუფას უზიარებდნენ.
ამ რიტუალს ახლდა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული აზრი: „ცხოვრება ტკბილიც არის და მწარეც და მოთმინებას საჭიროებს”. ამგვარად, მაჯუნი მხოლოდ საკვები ან დესერტი არ ყოფილა, იგი სიმბოლური დატვირთვის მატარებელიც იყო.
საინტერესოა ისიც, რომ მაჯუნს ქობულეთში სამკურნალო და ძალის აღმდგენ დესერტადაც მიიჩნევდნენ. ქართული სამედიცინო კარაბადინების მასალაში „მაჯუნი“ თაფლზე დამზადებულ სამკურნალო ნაერთად გვხვდება, რაც კიდევ უფრო ფართო ისტორიულ და კულტურულ კონტექსტს აძლევს ამ სახელწოდებას.
ქობულეთის მუზეუმის მიზანია, მოიძიოს, შეისწავლოს, დააფიქსიროს და პოპულარიზაცია გაუწიოს ამ მივიწყებულ ტრადიციას, რათა მაჯუნი მხოლოდ უფროსი თაობის მოგონებად არ დარჩეს.
მაჯუნის პოპულარიზაცია 2012 წლიდან ქობულეთის მუზეუმის გამოფენებსა და კულტურულ ღონისძიებებზე ხელახლა წარმოჩინდა და დღეს უკვე ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი.