×

„უცნობი ხელნაწერები“

მთავარი / სიახლეები / „უცნობი ხელნაწერები“

„უცნობი ხელნაწერები“

გამოფენა რომელიც ქობულეთის მუზეუმში გაიხსნა მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა აჭარის რეგიონისათვის. საზოგადოების წინაშე პირველად იქნა წარმოდგენილი რეგიონში შექმნილი მე-11 – 19 საუკუნის ხელნაწერები. მათი უმრავლესობა ათეული წლების განმავლობაში უცნობი იყო საზოგადოებისათვის. რამდენიმე მათგანი კი მხოლოდ მკვლევართა ვიწრო წრისათვის იყო ხელმისაწვდომი. საზოგადოდ, ცნობილი ფაქტია, რომ საუკუნეეების განმავლობაში აჭარაში განვითარებული ისტორიული პროცესების გამო, წერილობითი ძეგლების თითქმის არ შემორჩენილა. აქედან გამომდინარე, ეს გამოფენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გამოფენაზე წარმოდგენილ ხელნაწერთა ნიმუშებს შორისაა მე-15 საუკუნის თეთროსნის (ხუცუბნის) მინიატურებიც, რომლებიც შუასაუკუნეების ქართული მინიატურის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად არის აღიარებული. გამოფენა მოიცავს ქართული დამწერლობის ევოლუციის ყველა ეტაპს და მასზე წარმოდგენილია ასომთავრულით, ნუსხურით, მხედრულით და დედაბრული ხელით ნაწერი ტექსტების ნიმუშები. აღსანიშნავია „ჩურუქსის დავთარიც“ (ქობულეთის) რომელიც ოსმალური დამწერლობის ნიმუშია და ინახება თურქეთის პრემიერის არქივში და 1803-1806 წელსაა შექმნილი. იგი ქართველი მეცნიერებისათვის დღემდე უცნობი ძეგლია, თუმცა, მნიშვნელოვანი დოკუმენტია აჭარის რეგიონის ისტორიის შესწავლისათვის, რადგანაც წარმოადგენს იმდოროინდელი ქობულეთის მხარის მოსახლეობის და ეკონომიკური მდგომარეობის დაწვრილებით და უზუსტეს აღწერილობას. ხელნაწერთა ნიმუშები რომლებიც გამოფენაზეა წარმოდგენილი ქობულეთის მუზეუმს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე გადმოსცა და მათი დიდი ნაწილიც ამ ცენტრშია დაცული. მათი საგამოფენოდ მომზადება და შერჩევა, რომელიც მათი წარმომავლობის გარკვევას ისახავდა მიზნად ჟურნალისტმა ზურაბ ბაუჟაძემ მოამზადა.