Home / News / 7 სექტემბერს,სოხუმის დაცემის დღე
27 სექტემბერს,სოხუმის დაცემის დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე, საკრებულოს წევრებთან და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად, ტრადიციულად გმირთა ხეივანში, მემორიალთან შეიკრიბნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. შეკრებილებმა სოხუმის დაცემიდან 25 წლის შემდეგ, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს მემორიალი. თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახებს, მერიის პროგრამის ფარგლებში, ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 300 ლარი გადაეცათ. 27 სექტემბერი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.