Home / News / წყალუხვი კინტრიშის ხეობა
მდინარე კინტრიში და მისი შენაკადები, – მეტ–ნაკლები სიზუსტით 75–ზე მეტი, – ღვთის წყალობაა ნამდვილად. ქარაფებიდან ჩამომავალი მცირე თუ დიდი ღელე, სკურდას მთებიდან მომავალი ერთ–ერთი წყალუხვი და თავად მრავალი შენაკადებით ნასაზრდოები მდ. კინკიშადან დაწყებული – ზღვის შესართავთან ახლოდ, ხინოწმინდაში, ნარუსალას მთებიდან მომავალი მდ. ჭერულას ჩათვლით, რომელი ერთი არ უნდა აღნიშნო: სკურდას, ოყანყურას, ოჩორჩხინეს, კოხის, ქობრონას, ოხტომის, ჭახათის, სოდომურის, ელიას, კეჭიეთის, ვარჯანაულის, ხატის ტყის ღელე, ტყამაკარავის, კობალაურის, ნასახტრალი მთის, ცხემვანის, ზერაბოსელის წყალი ანუ ხეკნარა, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, კინტრიშისკენ მძლავრად მიმავალი, მრავალი შენაკადებით, დიდქარაფას ღელე, საცივი ღელე, მესხიქედი ღელე, ბნელი ღელეს, დიდვაკე ღელე, ზვარიას ღელე, ჩიდილიას ღელე, ფუტურო ღელე, მირნათას ღელე, ჩარხის ღელე, მოსალთახევის ღელე, ქათამურის ნაბეღლავის ღელე, ორსხლის ღელე, საგებაურის ღელე, მრავალ მათგანს ლაზური, ზანური ფუძე რომ ეძებნება, მრავალათასწლოვანი უწყვეტი სიცოცხლის გამოხატულებაა. უახლოესი დაკვირვებები, რომელსაც გერმანელ მეცნიერთა ჯგუფი აწარმოებს ხინოწმინდისა და სრულიად კინტრიშის ხეობაში, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მსოფლიო გამყინვარების პროცესები კოლხეთის ტყეებს, მათ გულს ხინოწმინდას არ შეხებია. ხელუხლებლადაა სამყაროს შექმნის დროინდელი მცენარეული საფარი. – ჩვენი მასპინძელი დიდი სულიერებით, რწმენის მტკიცე ჯავშანით, წარსულსა და მომავალს შორის ხიდის აგებაზე დღენიადაგ მოფიქრალ–მშრომელ–მლოცავი ბერი ევდემოსი (დიასამიძე) შესანიშნავი მაგალითია ამ თვალწამრტაცი ბუნების სიდიადე და სილაღე რომ გაითავის–გაისიგრძეგანო. – ერისა და ბერის შვილთა ერთიანობა საწინდარია ჭეშმარიტი აღორძინებისა.