×

ექსპედიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში

მთავარი / სიახლეები / ექსპედიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში

ექსპედიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში

2017 წლის 17–დან 22 ივლისამდე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი ატარებს კომპლექსურ ექსპედიციას ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ექსპედიციის მიზანია 2017 წლის გეგმიური "ქობულეთის მუნიციპალიტეტის ისტორიის" დასაწერად მასალების შეგროვება. ექსპედიცია შედგება: როინ მალაყმაძე (ექსპედიციის ხელ–ლი), ჯემალ მიქელაძე (ეთნოლოგ–არქიტექტორი), ჯემალ ვარშალომიძე (ექსპედიციის ხელ–ლის მოადგილე), უჩა ოქროპირიძე (ისტორიკოსი), ნაილა ჩელებაძე (ეთნოლოგი), თამილა ლომთათიძე (ეთნოლოგი), ციალა ნარაკიძე (ლინგვისტი), ნაილე მიქელაძე და ნარგიზ ახვლედიანი (ფოლკლორი), მაია ჭიჭილეიშვილი (ხელოვნებათმცოდნე). ექსპედიციის პირველ დღეს ჯგუფმა იმუშავა კინტრიშის ისტორიულ ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. პირველ რიგში მოინახულეს ადრეული შუასაუკუნეების თეთროსნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გასული საუკუნის 90–იან წწ აგებული ერთ–ერთი პირველი ახალი ტაძარი. შემდეგ ჯგუფმა, სოფელ სამებაში პატივი მიაგო ცნობილი საზოგადო მოღვაწის გულო–აღა კაიკაციშვილის საფლავს. აქვე გაეცნენ ადრეული შუასაუკუნეების საკულტო ძეგლს და მოახდინეს მისი ფოტო ფიქსაცია. ექსპედიციის წევრებისათვის საინტერესო აღმოჩნდა ამავე სოფლის მკვიდრის, რევაზ კაიკაციშვილის, მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში აგებული საცხოვრებელი სახლი. ჯ. მიქელაძის და ჯ. ვარშალომიძის მიერ აღნიშნული შენობა აიზომა და განისაზღვრა მისი მშენებლობის არქიტექტურული სტილი და დადგინდა შენობა–ნაგებობის ცალკეული დანაყოფების საყოფაცხოვრებო–სამეურნეო დანიშნულება. იმავე ოჯახის დიასახლისისგან ფოლკლორის განყოფილების თანამშრომლებმა ჩაიწერეს ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელი სამზარეულოს რეცეპტები (იახნი, დედლური, ქობულეთური ბორანო და სხვ.). კინტრიშის ხეობის მნიშვნელოვან სტრატეგიულ და ეკონომიკურ დანიშნულებაზე მეტყველებს აქ გამავალი სავაჭრო გზები და მათზე გამართული როგორც უძველესი, ასევე თანამედროვე პერიოდში აგებული ხიდები: ხუცუბნის მე–20 ს 20–იანი წწ ორთაღოვანი ხიდი, ს. ქობულეთის მე–20 ს. 10–იანი წწ თაღოვანი ხიდი, კოხისა და ჭახათის ფოლადის კონსტრუქციის ხიდები,სოფელ ვარჯანაულსა და ტყემაკარავს შორის არსებული განვითარებული შუასაუკუნეების თაღოვანი "ბასრიმელას" ხიდი, ამავე პერიოდის ცხემვანის თაღოვანი ხიდი. ექსპედიციის წევრთა აღტაცების საგნად იქცა სოფელ ცხემვანში, გოგიტიძეების მამულში დაცული ადრეული შუასაუკუნეების ტაძრის ნანგრევები და მარანის ნაშთი, ასევე, ამავე ტერიტორიაზე მე–20 საუკუნის დასასრულს აგებული წმ. გიორგის სახელობის ახალი სამონასტრო კომპლექსი.მათვე სოფელ ჭახათში მოინახულეს უნიკალური ორნამენტებით დამშვენებული და არაბულ წარწერიანი, მე–20 ს 10–იანი წწ მედრესე. ექსპედიციის მსვლელობისას ჩაწერილი იქნა ფოლკლორისა და ქობულეთური დიალექტის ნიმუშები. – ექსპედიციაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ქობულეთის მუზეუმი (რეზო ტაკიძე, ავთანდილ რომანაძე, მადონა ბასილაძე).