Главная / Новости / ქობულეთის მუნიციპალიტეტი, მდინარე აჭყვას ხეობა, სოფელი ალამბარი.
ღვთის წყალობით, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, ქობულეთის წარსულის კვლევისა და შესწავლის საქმეში მრავალი თანამოაზრე და მხარდამჭერი შემოგვემატა. ალამბრის ციხე მდებარეობს მდინარე აჭყვას ხეობაში, მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 275–280 მ. არსებულ ბორცვზე. ციხე აღმოსავლეთითაა დამხრობილი; გადარჩენილი კედლებით თუ ვივარაუდებთ 8.5X8.2 –ზე კვადრატული ფორმის ნაგებობა უნდა ყოფილიყო. ციხე არაერთ მკვლევარს აქვს მოხსენიებული, მისი შესწავლა კონსერვაციის მიზნით არ წარმოებულა. ქვითხუროს ოსტატებს ტაძარი უახლოეს კარიერებზე მოპოვებული ფლეტილი რიყის ქვებითა და კირიანი დუღაბით აქვთ აგებული; სამხრეთი კედელის მდგომარეობა, მეტნაკლები სიზუსტით გვავარაუდებინებს, რომ წარმოდგენილი ძეგლი შერეული ტექნიკით, ლაზურ საამშენებლო ტექნიკაში დამკვიდრებული წესი უნდა ყოფილიყო გამოყენებული. კარგად გამოკვეთილი 0.15X0.15–ზე ზომის ხის ძელების მოწყობის ადგილი რამდენჯერმე მეორდება; ასევე, საგულისხმოა აქამდე სათოფურებად მიჩნეული 0.10 მ. დიამეტრის ხვრელები, რომლებიც ჩვენი შეხედულებით, ხის ძელების შემაკავშირებლად, რომ წარმოვიდგინოთ, თვალნათლივ წარმოგვიდგება, დაჩქარებული წესით ციხის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობა, – ამ შემთხვევაში სამხრეთი კედლელის,– სიმყარისათვის თანაბარი ინტერვალით შემკვრელი სარტყელების არსებობა, რაც დროთა განმავლობაში, ჯერ დამპალა და თანდათან გამქრალა კიდეც. ძეგლის ზუსტ პერიოდზე საუბარი დღეს გაგვიძნელდება. ავბედითი ჟამი ციხეს, სავარაუდებელია, რომ ბევრჯერ დადგომია; ცნობები არც თუ მწირია, თუმცა სრული სურათის წარმოსადგენად აკადემიური არქეოლოგიური კვლევების წარმოებაა აუცილებელი. ციხის მეტ–ნაკლებად გადარჩენილი სამხრეთი კედლის წყობა, აბსოლუტურად განსხვავებულია დასავლეთით გადარჩენილი კედლისა და ჩრდილოეთით გადარჩენილი საძირკვლის წყობისაგან; სავარაუდებელია რომ, იური სიხარულიძის მოსაზრება, რომ ძეგლი გვიანი შუასაუკუნეების ნაგებობად უნდა მივიჩნიოთ, ვერ გავიზიარებთ. ალამბრის ციხე, ადრეული შუასაუკუნეების, პეტრა–ციხისძირის თანადროულად უნდა მივიჩნიოთ, რაც მისი მდებარეობით, წარმოდგენილი პერიოდის მსგავსი დანიშნულების ძეგლების მსგავსად, – აჭის ციხე, – აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთიანი საინფორმაციო–სამხედრო სისტემის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება პროფესორ იური სიხარულიძის მოსაზრებას, ძეგლის გვიანი შუასაუკუნეების კუთვნილებაზე, ერთი–ერთში გასაზიარებელია, თუ მივიჩნევთ, – სამხრეთი კედლის მშენებლობის ტექნიკის გათვალისწინებით,– რამდენჯერმე დანგრეულ–გაძარცვული ნაგებობის მორიგ აღდგენით (დაჩქარებული წესით) პროცესად, წარმოდგენილი პერიოდისათვის, გურიელების ერთ–ერთი საინფორმაციო–სასიგნალო ფორპოსტი რომ ყოფილიყო. – 2017 წლის 14 ივნისს, მხატვარ–არქიტექტორ გია ჩხარტიშვილის და მუზეუმის მუშაკებისაგან შემდგარი მცირე ჯგუფით მოვახდინეთ ალამბრის ციხის გარეგანი დათვალიერება, აზომვა–ჩახატვა, სამომავლოდ შესწავლის და კონსერვაციის გზები დავსახეთ.