Home / News / აჭარის მუზეუმების წარმომადგენლების ვიზიტი სილეზიაში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორმხრივი თანამშრომლობა პოლონეთში ქვემო სილეზიის და სილეზიის სავოევოდოებთან განათლების, კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით ბოლო წლეებია წარმატებით მიმდინარეობს. ამ თანამშრომლობის შედეგია აჭარის მუზეუმების წარმომადგენლების ვიზიტი სილეზიაში. 23 ნოემბერს მუზეუმის თანამშრომლები მსოფლიოში ერთ - ერთ უნიკალურ მუზეუმს ესტუმრნენ. გვიდოსა და დედოფალ ლუიზას ქვანახშირის მაღაროები პოლონეთში საკმაოდ შემოსავლიანი საბადოები იყო თავის დროზე. გასული საუკუნის 60-იან წლებში, მარაგის ამოწურვის გამო, საჭირო გახდა მათი დახურვა. 90-იან წლებში მაღაროს ძეგლის სტატუსი მიენიჭა და ფუნქციონირებდა როგორც ღია ტექნოლოგიური მუზეუმი. 2007 წლიდან კი დამთვალიერებლებს მიწის ქვეშ ჩასვლის საშუალებაც მიეცათ. დღესდღეობით გვიდოს მაღარო ევროპაში არის ყველაზე ღრმა მაღარო-მუზეუმი, რომელშიც არამარტო მემაღაროეთა გზის იმიტაციას სთავაზობენ დამთვალიერებელს, არამედ მიწისქვეშა სივრცე სხვადასხვა გართობის ობიექტად არის გამოყენებული. მიწის ქვეშ 320 მეტრზე მდებარეობს კაფე, სადაც ტურისტებს ადგილობრივი, ბრენდირებული ლუდის მირთმევა შეუძლიათ. აქვეა საკონფერენციო და საკონცერტო დარბაზებიც. მაღარო-მუზეუმი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მათი გადაადგილება შესაძლებელია ლიფტითა და პატარა მატარებლით. მუზეუმს წელიწადში 300 000-მდე ვიზიტორი ჰყავს.
{morfeo 107}