Главная / Новости / პირველად 180 წლის შემდეგ ქობულეთში ! ! !
ქობულეთის მუზეუმისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ბატონ ზაზა შაშიკაძის ერთობლივი პროექტი „ხელნაწერების კვალდაკვალ“ გამოფენა გაიხსნება 2016 წლის 21 აპრილს, დღის 15.00 საათზე ქობულეთის მუზეუმის პერიოდული გამოფენების დარბაზში. გამოფენაზე დასწრება (გახსნის დღეს) თავისუფალია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოსმალეთის იმპერიაში ქობულეთის მოსახლეობის 1835/36 წწ. აღწერის დოკუმენტების 44 ფოტო–ასლი (ზომით:38X56), ჯამში 88 გვერდი, მცირე კომენტარებით. მოკლე ისტორია დოკუმენტის შესახებ: ოსმალეთის იმპერიაში ქობულეთის მოსახლეობის პირველი აღწერა 1831 წელს დაიწყო და სხვადასხვა სამუშაოებთან (სარეგისტრაციო დავთრებთან) ერთად საბოლოოდ დაახლოებით 1847 წელს დასრულდა. აღნიშნული აღწერა ეხებოდა მხოლოდ მამაკაცებს მიუხედავად მათი ასაკისა. აღწერილი იყო როგორც მუსლიმი, ასევე არამუსლიმი ქრისტიანიმამაკაცები. თურქულ სამეცნიერო ლიტერატურიდან ირკვევა, რომ იმპერია მუსლიმი მამაკაცების რაოდენობის დადგენით მიზნად ისახავდა ქვეყნის სამხედრო პოტენციალის შესწავლას, ხოლო არამუსლიმი მოსახლეობის შესწავლა აუცილებელი იყო ჯიზიეს (გადასახადის) განსაზღვრისათვის. აღწერილია 1835/36 წლებისათვის, სავარაუდოდ ოსმალეთის იმპერიის გავლენის ზონაში მოქცეული ქობულეთის სოფლები. საინტერესოა აღწერის დავთარზე დატანილი მინაწერში, სადაც საუბარია 25 მუსლიმ და 12 ქრისტიან სტუმარზე, რომლებიც ბაზარში ვაჭრობენ. დოკუმენტი მნიშვნელოვან დახმარებას გაგვიწევს განვსაზღვროთ მეტნაკლები სიზუსტით ქობულეთის დემოგრაფიული სურათი. აღწერა მუჰაჯირობამდე დაახლოებით 50 წლით ადრეა ჩატარებული. როგორც ვნახეთ 1158 კომლში 3255 მამაკაცი ცხოვრობს. ერთ კომლზე 3 და ზოგჯერ უფრო მეტი მამაკაცი მოდის. მოსახლეობის რაოდენობს რეალობასთან მისაახლოვლებლად საჭიროა ამას დავამატოთ ქალთა შესაძლებელი რაოდენობა, რაც დაახლოებით იგივე უნდა იყოს, შესაძლოა უფრო მეტიც. ანუ გამოდის,რომ მოცემულ დროს აღნიშნული სოფლების მონაცემებით ქობულეთში დაახლოებით 7 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. საინტერესო ცნობებია დაცული თანამედროვე ქობულეთელთა წინაპრების შესახებ, სადაც მოცემულია აღწერილ პირთა ფიზიკური მონაცემები: თმის ფერი, სიმაღლე, იერი, ასაკი, კოჭლი თუ სხვა ფიზიკური ნაკლი, როგორც ჩანს, რამდენად იყო ვარგისი სამხედრო სამსახურისთვის. მნიშვნელოვანია ასევე აღწერის დოკუმენტში ქობულეთის ცალკეული სოფელის მმართველთა შესახებ ინფორმაცია; მოცემულია რამდენიმე მუხტარი და იმამი. ასევე შეიძლება ვიმსჯელოთ ადმინისტრაციულ საზღვრებზეც. ჩამონათვალში არ ფიქსირდება დიდვაკე და ზემო ხინო, მაგრამ მოცემულია ცალკეული სოფლების აღწერის შესახებ ინფორმაციებში, როგორც ჩანს აღწერის მოთავეებს (თანამედროვე მოცემულობით) თანმიმდევრობა გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით დაცული არ აქვთ. შესაძლოა ასევე სოფლებს შორის მიმოსვლის სხვა გზებიც არსებობდა. მუზეუმის სახელით, მოწოდებული მასალებისათვის, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს ბატონ ზაზა შაშიკაძეს, რომელიც სამომავლოდ, ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ არქივში მრავლად აღმოაჩენს ჩვენი თანამემამულეებისა და ისტორიისათვის საინტერესო ახალ დოკუმენტებს. {morfeo 56}