×

აღმოაჩინე უცნობი ქობულეთი

მთავარი / სიახლეები / აღმოაჩინე უცნობი ქობულეთი

აღმოაჩინე უცნობი ქობულეთი

c1

პირველად იქნა წარმოდგენილი რეგიონში შექმნილი მე-11 – 19 საუკუნის ხელნაწერების ფოტო–ასლები, რომელიც მოიცავს ქართული დამწერლობის ევოლუციის ყველა ეტაპს და მასზე წარმოდგენილია ასომთავრულით, ნუსხურით, მხედრულით და დედაბრული ხელით ნაწერი ტექსტების ნიმუშები და უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად აღიარებული შუა საუკუნეების ქართული მინიატურები.
„უცნობი ხელნაწერები“ -
გამოფენა რომელიც ქობულეთის მუზეუმში გაიხსნა მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა აჭარის რეგიონისათვის. საზოგადოების წინაშე პირველად იქნა წარმოდგენილი რეგიონში შექმნილი მე-11 – 19 საუკუნის ხელნაწერები.
მათი უმრავლესობა ათეული წლების განმავლობაში უცნობი იყო საზოგადოებისათვის. რამდენიმე მათგანი კი მხოლოდ მკვლევართა ვიწრო წრისათვის იყო ხელმისაწვდომი.
საზოგადოდ, ცნობილი ფაქტია, რომ საუკუნეეების განმავლობაში აჭარაში განვითარებული ისტორიული პროცესების გამო, წერილობითი ძეგლები თითქმის არ შემორჩენილა. აქედან გამომდინარე, ეს გამოფენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
გამოფენაზე წარმოდგენილ ხელნაწერთა ნიმუშებს შორისაა მე-15 საუკუნის თეთროსნის (სოფელი ხუცუბანი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი) მინიატურებიც, რომლებიც შუა საუკუნეების ქართული მინიატურის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად არის აღიარებული.
გამოფენა მოიცავს ქართული დამწერლობის ევოლუციის ყველა ეტაპს და მასზე წარმოდგენილია ასომთავრულით, ნუსხურით, მხედრულით და დედაბრული ხელით ნაწერი ტექსტების ნიმუშები. აღსანიშნავია „ჩურუქსუს დავთარი“ (ქობულეთის) , ოსმალური დამწერლობის ნიმუში, რომელიც ინახება თურქეთის რესპუბლიკის ერთ–ერთ არქივში . იგი ქართველი მეცნიერებისათვის დღემდე უცნობი ძეგლია, თუმცა, მნიშვნელოვანი დოკუმენტია აჭარის რეგიონის ისტორიის შესწავლისათვის, რადგანაც წარმოადგენს იმდოროინდელი ქობულეთის მხარის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის დაწვრილებით და უზუსტეს აღწერილობას.
ხელნაწერთა ნიმუშები რომლებიც გამოფენაზეა წარმოდგენილი, ქობულეთის მუზეუმს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გადმოსცა და მათით სარგებლობა შესათანხმებელია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან. ხელნაწერები მოიკვლია, შეარჩია და საგამოფენოდ მოამზადა ჟურნალისტმა ზურაბ ბაუჟაძემ .

თეთროსნის დავითნი, მე–15 საუკუნე,   მინიატურებით.

c2

 

 

 

მარხვანი. გადამწერი გიორგი გიორგის ძე კომახიძე, ხინოწმინდის მონასტრიდან

c3

 

 

 

 

ქობულეთში ნაპოვნი კარაბადინი

c4

 

 

 

სძლისპირი, მე–18 საუკუნის ქაღალდზე ნაწერი უყდო კრებული, რომელიც შესწირა სოფელ ქაქუთის მღვდელმა სამსონ შავიშვილმა.

c5

 

 

 

 

„ჩურუქსუს დავთარი“
დავთარში 1782–1785 წლის ახლანდელი ქობულეთის რაიონის სოფლების მამარობითი სქესის მოსახლეობის სრული აღწერაა შეტანილი. ასახულია მონაცემები ქობულეთის ყველა სოფლისა და მათი უბნების მოსახლეობისა. აღწერილია გვარები, ოჯახის უფროსების პირადი მონაცემები, მათი მამრობითი სქესის შვილები, მცხოვრებთა ფაქტიური სამყოფელი. მაგალითად რამდენიმე პირის შესახებ ნახსენებია, რომ იმყოფებიან ტუნისში (აფრიკა), ეგვიპტეში, ქალაქ ქონიაში, სტამბულში, ევროპაში ან სხვაგან. შენიშვნის სახით მინაწერები ახლავს იმ პირებს რომლებიც იმ დროისათვის ახლად მიიღეს ისლამი. დავთარში ნახსენები მრავალი გვარი დღეისათვისა აღარ არსებობს. ბევრი კი დღესაც იმავე სოფლებში ცხოვრობს. აღმოჩენილი დოკუმენტი უძვირფასეს ცნობებს შეიცავს ოსმალეთის იმპერიის მფლობელობაში იმ დროისათვის არსებული ქართული მხარეების მოსახლეობის შემადგენლობის, სოციალური მდგომარეობისა და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.

c6