×

ჩვენ შესახებ

მთავარი / ჩვენ შესახებ

ქობულეთი ერთიანი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მაჯისცემას გრძნობდა და განიცდიდა ისტორიის ყველა ეტაპზე. არ ყოფილა პერიოდი ამ მეტად საინტერესო გეოგრაფიულ რაიონით დაინტერესება არ ყოფილიყო.

აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია წერს: “პეტრამ იმდროინდელი დასავლეთ საქართველოს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. რამდენადმე მსგავსი თბილისი როლისა აღმოსავლეთ საქართველოსათვის”.

შუასაუკუნეებში თეთროსნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება.

გასული საუკუნის დასაწყისში, საქართველოს საისტორიო საზოგადოების წინაშე, ქობულეთის მკვიდრთა მიერ, პატარა მაზრისთვის მიუწვდომელი საკითხი დაისვა, ამბავი ქალაქიდან 5კმ. დაშორებით მდ.აწყვას მარჯვენა ნაპირზე მდებარე თეთროსნის წმ.გიორგის სახელობის ტაძარს და იქ XIII-XIV საუკუნეებში ქართული კლასიკური მხატვრული მინიატურებით შემკული დავითნის ბედს ეხებოდა (ამჟამად კ.კეკელიძის სახელობის ქართულ ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული ჰ 75). დავითნს ასეთი მინაწერი შემორჩენილია: ,,1909 წელსა 2 კვირკობის თვესა წიგნი ესე_სურათებით დავითნი მიეცა ქართულ საისტორიო საზოგადოებას განსვენებულ პეტრე ეპისკოპოსის მსახსენებლად დ.ა.." ასევე მინაწერია: ,,სულ ამ ხელნაწერში 55 სურათია დაცული"". ტაძრის დანგრევის შემდეგ დავითნი ქობულეთის მმართველების , თავდგირიძეების დედულეთში - გურიაში გაუტანიათ, იქედან კი xx ს. დასაწყისში იოლად მოხვედრილა საიმედო ხელში - დედაქალაქში დიდი ექვთიმე ღვთის კაცი ეგულებოდათ.

საუკუნეზე მეტმა დრომ განვლო იმ დღის შემდეგ, როცა ქობულეთში საგანძურის შენახვის და დაცვის საკითხი დაისვა. მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურმა აღმოჩენებამაც ვერ უზრუნველყო, თუნდაც მცირე კომპაქტური მუზეუმის გახსნა.

2010 წლის შემოდგომაზე, სხვადასხვა სახალხო დღესასწაულების, ეთნოგრაფიული და ყოფითი მასალების გამოფენებისას ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ისტორიული მნიშვნელობის მისიის განხორციელება დაისახა მიზნად.

2011 წლის იანვრიდან ქობულეთის კულტურის ცენტრის ბაზაზე სამუზეუმო საქმეთა განყოფლება ჩამოყალიბდა. დაიწყო ინტენსიურად რაიონის ისტორიული ხეობებისა და სოფლების შესწავლა. ჩატარდა საველე-ეთნოგრაფიული ექსპედიცია კინტრიშის ისტორიულ ხეობაში; სამუზეუმო მნიშვნელობის მქონე ნივთები საინტერესო მასალების კრებულად იქცა; სისტემატიზაციაში მოვიდა გეგმა სანუკვარი ოცნების განსახორციელებლად; შეირჩა ერთ-ერთი უნიკალური არქიტექტურითა და გამომსახველობით გამორჩეული ნაგებობა ქალაქის უძველეს კვარტალში; მუზეუმის დარგის განვითარებით დაინტერესებული მრავალი ფიზიკური და იურიდიული პირი აღმოჩნდა.

2011-2012 წწ სამუზეუმო განვითარებისთვის ერთგვარი ტესტი აღმოჩნდა ისტორიული მნიშვნელობის მისიის განხორციელებისთვის. არ დარჩენილა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამართული ღონისძიება, სადაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახელი ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ჭრილში არ წარმოჩენილიყო. გამოფენებზე სამუზეუმო საქმის წარმატებით წარმოჩენისთვის ქობულეთის სამუზეუმო საქმის მესვეურების შრომა დაფასდა არაერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ჯილდოთი.

2012 წლის 18 მაისი მუზეუმის დაბადების დღეა; დაიწყო ახალი ერა ქობულეთის მუზეუმის განვითარებაში; 2012 წლის 2 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება დააფუძნა არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი ქობულეთის მუზეუმი. 2012 წლის 29 ნოემბერს მუზეუმმა გაიარა რეგისტრაცია საქართველოს კულტურის სამინისტროში.

დღეს, არ არსებობს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ კულტურულ-საგანმანათლებლო თემა, რომელსაც ქობულეთის მუზეუმი საქართველოს სიყვარულით არ ასაზრდოებდეს.